ერთი დღე JBS სკოლაში

წარმოიდგინეთ სკოლა, სადაც დღე არა მკაცრი გაკვეთილის მოლოდინით, არამედ ადამიანური მოკითხვით იწყება; სადაც უხასიათო დილებს სასიამოვნო კავშირები ანაცვლებს, მოსაწყენ გაკვეთილებს – საინტერესო გამოცდილებები, აკადემიური პროცესით გადაღლას – ენერგიის აღდგენა, სწრაფ კვებას – ჯანსაღი სადილი, სახლში დაუსრულებელი დავალებების კეთებას კი – ოჯახთან ერთად გატარებული საღამო.  

JBS სკოლა არის ცოცხალი ეკოსისტემა, რომელიც ბავშვს არა მხოლოდ ინფორმაციით ავსებს, არამედ ცხოვრებისთვის საჭირო უნარებით ამდიდრებს, მის ავტონომიურობას, კომპეტენტურობასა და სოციალურ კავშირებს ასაზრდოებს. სწავლების მოდელი არის ადამიანის განვითარების ერთგვარი სისტემა, რომელიც ბავშვის ფიზიკური, ინტელექტუალური და ემოციური რესურსების ზუსტ ბალანსზეა აგებული. აქ დღის განრიგი არ არის მხოლოდ გაკვეთილების მშრალი ჯაჭვი – ეს არის მეცნიერულად გათვლილი რიტმი, რომელიც ბავშვის ფიზიოლოგიურ და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს მიჰყვება.  

ვნახოთ, როგორია ერთი დღე JBS სკოლაში, სადაც ბავშვი საკუთარი დღის მთავარი შემოქმედია.  

დილის მისალმება: ემოციური კავშირის ძალა 

JBS სკოლაში დღე იწყება 20-წუთიანი მისალმებით, რომელიც მხოლოდ ფორმალობა არ არის. ამ პერიოდში, მასწავლებელი ბავშვების განწყობას იკვლევს:  ვინმეს ეძინება? ვინმე დაღლილია? ვინმე მოწყენილია? სკოლისთის მნიშვნელოვანია, ბავშვმა იგრძნოს, რომ მას სრულყოფილად ხედავენ და უსმენენ, რადან აქ სჯერათ, რომ მხოლოდ მშვიდი და აღიარებული ბავშვია მზად ახალი ინფორმაციის მისაღებად. 

აკადემიური სწავლება: ავტონომია და არჩევანი 

მისალმების შემდეგ, სწავლების პირველი ეტაპი იწყება. ეს არის დრო, როცა გონება ყველაზე ფხიზელია იმისთვის, რომ ძირითადი საგნები აითვისოს (ენები, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები…). სწავლება კვლევის პრინციპით მიმდინარეობს: მასწავლებელი არ არის მხოლოდ ინფორმაციის წყარო; ის სვამს კითხვას, მოსწავლე კი თავად იკვლევს გზებს პასუხამდე. 

გაკვეთილი ისეა სტრუქტურირებული, რომ ახალი მასალის ახსნას იქვე მოჰყვება პრაქტიკული სამუშაოც. მასწავლებელი აკვირდება, ვინ როგორ აითვისა მასალა და თუ საჭიროა, იქვე ეხმარება მათ. ამასთან, მასწავლებელი ბავშვებს ავტონომიას აძლევს: მათ აქვთ უფლება, თავად აირჩიონ, როგორ შეასრულონ დავალება – დახატონ, პრეზენტაცია გააკეთონ თუ თხრობით გადმოსცენ შინაარსი. ეს მიდგომა მოსწავლეებში პასუხისმგებლობასა და თავდაჯერებულობას ავითარებს.  

ენერგიის აღდგენა: Well-being კომპონენტი 

JBS სკოლაში გაკვეთილი გაკვეთილს არ ებმის – მათ შორის აუცილებლად შემოდის კეთილდღეობის (Well-being) კომპონენტი: იქნება ეს ფიზიკური ვარჯიში, თამაშები თუ იოგა.  

რატომ არის ეს საჭირო? ბავშვის კონცენტრაციის უნარი ლიმიტირებულია. სუნთქვითი ვარჯიშები და მოძრაობა მას საკუთარი ნერვული სისტემის რეგულაციაში ეხმარება. ტრადიციულ სკოლაში მოსწავლე თუ დღის ბოლოს იფიტება, JBS-ში ის ახერხებს, ენერგია გონივრულად გაანაწილოს. 

ენერგიის აღდგენა: ჯანსაღი კვება 

ინტენსიური კვლევისა და აკადემიური მუშაობის ტალღებს შორის გათვალისწინებულია კვებაც, რომელიც უბრალოდ შესვენება არ არის. ხემსისა თუ სადილის დრო სასწავლო პროცესის ცოცხალი გაგრძელებაა. ზუსტად შერჩეული, ჯანსაღი მენიუ უზრუნველყოფს ენერგიის იმ ბალანსს, რომელიც აუცილებელია შემოქმედებითი პროექტებისა თუ ფიზიკური აქტივობებისთვის. კვების შესვენებებზე ასრებული არაფორმალური გარემო მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობებსაც აძლიერებს. ამასთან, ბავშვები თავად ზრუნავენ საკუთარ თავზე და კვების შემდეგ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარი სივრცის მოწესრიგებაზეც. ასე იქცევა სადილი ცხოვრებისეული ჩვევების, ემპათიისა და თვითდისციპლინის გამომუშავების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად. 

STEAM და სპორტი: საკუთარი თავის აღმოჩენა 

სპორტი თუ STEAM? – დღის მეორე ნახევარში, JBS სკოლის მოსწავლებს შეუძლიათ, არჩიონ, რომელი აქტივობით დაკავდნენ. სკოლის მიზანია, თითოეულმა მოსწავლემ იპოვოს ის „სტიქია“, რომელიც მას ავსებს, რათა დღის ბოლოს სკოლიდან არა მხოლოდ ახალი ცოდნით, არამედ საკუთარი შესაძლებლობების რწმენით დაბრუნდეს. 

STEAM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება, მათემატიკა) ლაბორატორია: საინტერესოა მათთვის, ვისაც შექმნა და გამოგონება იზიდავს. აქ ბავშვები არ სწავლობენ მშრალ ფორმულებს; ისინი აშენებენ რობოტებს, ატარებენ ქიმიურ ექსპერიმენტებს, მუშაობენ 3D მოდელირებაზე და წყვეტენ საინჟინრო ამოცანებს. ეს არის სივრცე, სადაც შეცდომა წახალისებულია, რადგან საუკეთესო იდეები სწორედ დაუღალავი მცდელობით იბადება.  

სპორტული აკადემია: სპორტული აქტივობები ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც ენერგიის ფიზიკური რეალიზება სურს. სკოლაში სპორტი პოზიციონირდება როგორც გუნდურობის, სამართლიანი თამაშისა და ლიდერობის გაკვეთილი. ფეხბურთი, კალათბურთი თუ სხვა ფიზიკური აქტივობები მიზნად ისახავს არა მხოლოდ გამძლეობის, არამედ მედეგობის გამომუშავებასაც – ბავშვები სწავლობენ, როგორ მართონ ემოციები მოგებისა თუ წაგების დროს. 

რეფლექსია:  

დღის ბოლოს, JBS სკოლაში იწყება ყველაზე მშვიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი – რეფლექსია. ეს არის დრო, როდესაც მოსწავლე მასწავლებელთან ერთად განვლილ დღეს აჯამებს: რა იყო დღევანდელი მთავარი აღმოჩენა? რა სირთულეს წააწყდა და როგორ გადალახა ის? ეს პროცესი ბავშვს ეხმარება, მიღებული ინფორმაცია ცოდნად, ხოლო გამოცდილება – უნარად აქციოს. სწორედ ამ გააზრებული დასასრულის წყალობით, სასწავლო პროცესი სკოლის კედლებშივე სრულდება. JBS-ის მოსწავლეს თან არ მიჰყვება საშინაო დავალება. ის ბრუნდება ოჯახში სავსე, მშვიდი და მზად იმისთვის, რომ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად, ყოველგვარი სტრესის გარეშე გაატაროს.  

1 Response

Leave a Reply